November 20, 2014

ყუთი

ყუთში, რომელიც ყვითელ საწვიმარში გამოწყობილმა ფოსტალიონმა გადმომცა, რვა ნივთი იდო. ათს უკვე აკლდა ოცი წუთი, ცოტაც და, ისევ დავიგვიანებდი, ამიტომ ცალი თვალით ჩავიჭყიტე ყუთში, უკვე შელახული კედები, კარტის დასტა და რაღაც წიგნი მომხვდა თვალში, იმვარსკვლავური ომებისმაისურს ხელიც კი დავტაცე, შევატრიალე, შემოვატრიალე, ყუთზე წარწერას დავხედე - ერთი სახელი, გვარი და მისამართი მე მეკუთვნოდა, მეორე ვინმე გერმანელ პიტერს, მერე ქურთუკი მოვიცვი, კარი მივხურე და სამსახურისკენ გზას გავუდექი. ვიდრე მამაჩემი მანქანას დაძრავდა და ალაპარაკდებოდა, გავიხსენე ყველა გერმანელი და ყველა გერმანიაში წარსულში ან აწმყოში მცხოვრები, რომელთანაც შეხება მქონია. მაგრამ ვინ გამომიგზავნიდა გაცრეცილ ფერფლისფერ კედებსგამომგზავნის შესახებ სხვა არაფერი იყო მითითებული ყუთზე, რომელიც ოთახის მილაგების დროს დედას კარადის თავზე შემოედო. ყველა ნივთი ამოვალაგე - ჯერ ის 39 ზომის, წითელკანტიანი, თეთრთასმებიანი განადგურებული კედები, მერე - მაისური (ამ მაისურს კი სიამოვნებით ვატარებდი), საფულე, რომელშიც რამდენიმე ათევროიანი კუპიურა და ფოტო იდო. ფოტოზე მთელი ტანით ჩანდა გოგონა, რომელიც ფოტოგრაფისკენ ზურგით იდგა, პირით კი კედლისკენ, ქერა თმა ორად გაეყო და კისერზე რაღაც ტატუ მოუჩანდა, ეცვა ჯინსის მოკლე შორტები და თეთრი მაისური. საფულე იყო შავი ტყავის, იაფფასიანი. წიგნი ყვითელყდიანი, ფილიფ დიკის „Do Androids dream of electric sheep?“ კალამი, სტაფილოსფერი, შავზოლებიანი, შავი თავსახურით, ჩვეულებრივი, ისეთი, აქაც კი ყველგან რომ იყიდება, და ვერავის დააჯერებ, გერმანიიდან რომ გამოგიგზავნეს. ან კი ვინ დაიჯერებს, რომ დილით კართან წერილებით გამოტენილ ჩანთიანი ყვითელსაწვიმარშიგახვეული ფოსტალიონი მოგადგა და მოგიტანა ყუთი რომელშიც 8 უცნაური ნივთი იდო: დახეული კედები, კალამი, მაისური, საფულე, წიგნი, კარტის დასტა, ყურსასმენები და ფორთოხალი? იქნებ ყუთს ოდესმე ნამდვილი პატრონი გამოუჩნდეს-მეთქი გავიფიქრე თუ არა, ჩამეძინა. ყუთის პატრონი არ გამოჩენილა არც მეორე დღეს, არც მესამე დღეს, მეოთხე დღეს კი ისევ ფოსტალიონი გამოჩნდა. ფოსტალიონისგან, რომელსაც ფოსტიდან მითითებულ მისამართზე მიტანის გარდა სხვა არაფერი ევალებოდა, მხოლოდ მათი ცენტრალური ოფისის მისამართი შევიტყე. ამჯერად ყუთზე ეწერა From Mell, 22, Minessota. 22 წლის? ყუთში ეწყო: iPod touch, ლავანდას ზეთი, 3 ფრჩხილების ლაქი (მხოლოდ მწვანეს ტონალობები), ბეჭდები და სამაჯურები, ჭრელყდიანი ბლოკნოტი, სათვალე, თმისამაგრი მიკი მაუსის ყურებით, ქენონის ფოტოაპარატი. ბლოკნოტი ზურგჩანთაში ჩავიგდე, კარი დავხურე და სამსახურისკენ გზას გავუდექი. ახირებული გოგონაა მელ. მხოლოდ მწვანეს ტონალობები. მინესოტაში არავის ვიცნობ. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ შეიძლება ცხოვრობდეს მინესოტაში. ალბათ მიკიმაუსის ყურებიანი გოგონები, რომლებიც ატარებენ დიდ შავჩარჩოიანი სათვალეებს და ფრჩხილებს მწვანე იღებავენ. და უსმენენ... ნეტავ, აიპოდიც თან წამომეღო, იესო! იმ ტიპის ყუთში კი, იმ გერმანელი პიტერის, მხოლოდ ყურსასმენები იყო. მელ, რა მოსაწყენი გოგონა ხარ, მხოლოდ იმ სატელევიზიო სერიალების ეპიზოდები ჩამოგითვლია, რომელიც 14 მარტიდან 27 ივლისის ჩათვლით ნახე. ნეტავ, რა ხდებოდა შენი ცხოვრების ამ პერიოდში, მელ, ან იქამდე, ან შემდეგ. რა კავშირი უნდა იყოს შენსა და იმ გერმანელ პიტერს შორის, მელ. იქნებ, შენ ხარ მის საფულეში გამომწყვდეული ჯინსისშორტებიანი გოგონა? ამიდგა, მელ. აღარ მახსოვს ისევ რამდენი დღის შემდეგ გამოჩნდა ყვითელსაწვიმრიანი ფოსტალიონი. მაგრამ ნივთები მახსოვს: დღიური, თმის უთო, iPhone 3, ერთი წყვილი წინდა, კატა, გრძელი შავი ტყავის საფულე, მაკ ბუქი, ფანქრების ნაკრები, სათვალე. (ჯესიკა, 21, UK).
კატა, მელ, კატა
ვიდრე სხვა ყუთებზე მოგიყვებით, და დიახ, ყუთები მერეც მივიღე, თან არა ერთი და ორი, მინდა თქვენი ყურადღება აი ამ შავ კატაზე შევაჩერობავშვობაში, როდესაც მშობლები ჩემს წერილებს ჯერ თოვლის ბაბუას უგზავნიდნენ, მერე კი კოკა-კოლის ბოთლზე გამოსახულ წითელ სანტა კლაუსს, კატას ვითხოვდი. მაგრამ დედაჩემს ალერგია აქვს ყველაფერზე რაც კი მოძრაობს, მათ შორის მამაჩემზე. დედაჩემი არც ჩემს გადაწყვეტილებებს ცნობს, ახლაც კი, როცა უკვე 22 წლის ვარ. ამიტომ ან მე, ან კატაო, ბრძანა. არც კი დავფიქრებულვარ, კატა ავირჩიე, კატა ხომ მე არ მეკუთვნოდა, ვიღაც სხვას და პატრონის გამოჩენამდე კატისთვის უნდა მიმეხედა. ამიტომ მე, კატა, რამდენიმე შარვალი, რამდენიმე მაისური და სამი ყუთი ბებიაჩემთან გადავსახლდით. კატას ალბათ სახელი ჰქონდა, ამიტომ ვერ შევუცვლიდი, ნეტავ, ჰარუკი მურაკამის რომანში მაინც გვეცხოვრა, ალაპარაკდებოდა და სხვას თუ ვერაფერს სახელს მაინც მეტყოდა. რამდენჯერმე მოდი, შე ჩემა, ჭამე, შე ჩემა, - ასე მივმართე და მერე შერჩა ეგ სახელი - შე ჩემა
დედაჩემი ორი კვირა მებუტებოდა, მე კი ყოველ დღე ვურეკავდი და ვეკითხებოდი, ყვითელსაწვიმრიან ფოსტალიონს ყუთი ხომ არ მოუტანია ჩემთვის. სხვას არაფერს. ორი კვირის შემდეგ კი ის ყვითელსაწვიმრიანი ფოსტალიონი ისე მომადგა ბებიაჩემის სახლში, ჩემს მშობლებთან არც შეუვლია. კიდევ ერთი ყუთი გადმომცა (Anthony Sampagna, 23, Brooklyn, NY), სადაც არაფერი იდო ორი გასაღების (ერთი მანქანის უნდა ყოფილიყო, მეორე სახლის), ვიწროკბილებიანი სავარცხლისა და რეი ბანის სათვალეების გარდა. ამასობაში კარგად შევისწავლე შენი ფლეილისტი, მელ. მხოლოდ რედიოჰედის ალბომები, რედიოჰედის ვოკალისტის სოლო ალბომი, რედიოჰედის ვოკალისტის სხვა ბენდის ალბომი და ამავე ვოკალისტის მიქსები იყო. თავიდან ეს კავშირები ვერ დავიჭირე, მაგრამ თურმე თბილისშიც სველდებიან მაგ ვოკალისტზე გოგონები და მათ მითხრეს, შენი ფლეილისტი რომ ერთი ნაგავია, მელ. მეგონა ორ სხვადასხვა მუსიკოსს მაინც უსმენდი
შემდეგი ყუთი: Ashleu Kauschinger, 24, Denton, Tx. ამ ყუთზე უკვე ბებიაჩემის მისამართია მითითებული. Cig Harvey- მონოგრაფია - You look at me like an Emergency, ვინ არის ეს ტიპი, მელ? ან - ვინ არის ეს ტიპი, ეშლი? მწვანე საფულე (ერთერთ შენს ლაქს მოუხდებოდა, მელ) და iPhone. საფულე ცარიელია. მობილურში გარდა ძირითადი აპლიკაციებისა, არაფერია, არც კონტაქტები, არც მესიჯები, მხოლოდ ერთადერთი შეხვედრაა დაგეგმილი - 17,12.13 – Peter. ნეტავ, შედგა ეს შეხვედრა? თუ ეშლის გადაავიწყდა? და ეს პიტერი, იქნებ, ის პიტერია, რომლის საფულეშიც შენი ფოტო იდო, მელ
ყველა ის ტექნიკა, რომელიც ამ ყუთებით მივიღე, თითქოს საგანგებოდ გაესუფთავებინათ. აქა-იქ მხვდებოდა განგებ დატოვებული რამდენიმე ფოტო, რამდენიმე ფრაზიანი ჩანაწერი, მუსიკა, მოკლედ ხელჩასაჭიდი არაფერი. ვერც ერთ მათგანს ვერ მივაკვლიე სოციალურ ქსელებში. არსად არც ერთი ნომერი, მისამართი, ან ელ.ფოსტა
შემდეგი ყუთი: Chloe, 19,Lyon, France. ფირსაკრავი, La Boum-ის საუნდტრეკი, ლევისის ჯინსის პერანგი, სუნამოები - მის დიორ და მის დიორ. დიდი და ოდნავ პატარა ფლაკონები. სათვალე, მზის, მრგალჩარჩოიანი და ისევ სათვალე, კენზოს, ახლომხედველებისთვის. კამერა Kodak, რაღაც ჟურნალები, Maxrich-ის ზურგჩანთა, ტყავის დაბალყელიანი ჩექმები, MacBook Pro. 
ამ ყუთის მიღების შემდეგ ყუთების დანომრვა დავიწყე
Federica Scalone, 17, Rome, Italy: პლუშის სათამაშო დათუნია, 31 CD, ვან გოგის სამი წიგნი, ყელსაბამი, Wreck this Journal, დიდი ზომის ფერადი ჩანთა პოპ-არტის სტილში, ყურსასმენები.
Carlota Sierra Sanchez, 19, Canary Islands: Camera Nikon 3000, Mc5 Vinyl, შანელის ვინტაჟური ზურგჩანთა, ქერათმიანი ქალის შავ-თეთრი პორტრეტი, Cutter Choice tobacoo (თუ ამ ყველაფერს პატრონი გამოუჩნდება, ალბათ, ერთი ღერის მოწევის გამო არავინ დაიწუწუნებს), Four Roses Bourbon, საკერავი მანქანა, რამდენიმე ჟურნალი Vogue, ენდი უორჰოლის ბიოგრაფია, თვალის ფანქარი, ფუნჯი. ოთხი წყვილი ფეხსაცმელი, კაცი სპორტული, ქალის მაღალქუსლიანი, ვარდისფერი და შავი კედები, 3 ცალი ძაღლის საყელური.
ყუთებს ისეთი რაოდენობით მიგზავნიდნენ, ბებიაჩემის გარდაცვალების შემდეგ, მისი ოთახიდან ყველაფერი გავიტანე და ოთახში დანომრილი ყუთები დავაწყე. ამ ყუთების შიგთავსს ყურადღებით ათვალიერებდნენ ჩემი გოგოები, ერთ-ერთ მათგანს შენი მიკი მაუსის თმისამაგრიც კი გავუკეთე, მელ. მაგრამ არაფერი დამიკარგავს, თანდათან აღრიცხვაც კი დავიწყე მიღებული ნივთების. 76- ყუთს მონუსხული დავყურებდი - ნათია ა., 21, თბილისი. ვიდრე ყუთს გავხსნიდი, მაშინვე ნათიას დავურეკე, მელ. რა არის ყუთშიო. გავხსენი, ოცამდე წიგნი-მეთქი. ჰო, ჩემიაო. რა პონტში-მეთქი. სახლი დამეწვა, და ეგ წიგნები გამოვზიდე, მერე კი დაზღვევამ, მაგ წიგნების სანაცვლოდ მთელი ზარალი ამინაზღაურაოგავედი ბებიაჩემის ოთახში. რაც დასაწვავი იყო, დაწვა არ ეწერა? რაღაც სუნიც ვიგრძენი. მე რის გატანას მოვასწრებდი? შე ჩემას და შენს ყუთს დავტაცე ხელი, მელ
არა, სხვა ვერაფრის გამოტანას ვერ მოვასწრებდი

ავტორი: თამარ სუბელიანი

No comments:

Post a Comment