„ეს წერილიც ოდნავ
პოსტმოდერნულია“.
ბოკონონის მეშვიდე
წიგნი
იქნებ, როგორღაც
ეს წერილი ვინმე ლიტერატურულ მიმდინარეობებში გაურკვეველ ადამიანსაც ჩაუვარდეს ხელში
და გაიფიქროს, ნეტა, ეს პოსტმოდერნიზმი რაღა არისო? პოსტმოდერნიზმი მეოცე საუკუნის
მეორე ნახევარში გაჩენილი ლიტერატურული მიმდინარეობაა (არა მხოლოდ ლიტერატრული,
მაგრამ ამ სივრცეში ხომ ჩვენ ლიტერატურით ვართ დაინტერესებული), რომელიც ახლებური ინტერპრეტაციისა
და ლიტერატურული ტექსტების გადააზრებისთვის უკვე არსებულ ლიტერატურულ ფორმებს იყენებს.
იმედი მაქვს,
თუ ლიტერატურულ მიმდინარეობებში გაურკვეველი კაცის ხელში ჩავარდება ეს ჩემი ნაშრომი,
ის მაინც ეცოდინება, ვინ ოხერია კურტ ვონეგუტი. არა? კარგით, ორიოდ სიტყვას არც მასზე
დაგზარდებით - ეს იყო ერთი ამერიკელი ხუჭუჭთმიანი და ულვაშიანი კაცი, თითქმის სულ მომღიმარი,
ძირითადად ნაცრისფერ კოსტუმებში ჩაცმული (არა და, ამ დალოცვილ ინტერნეტში თვალს თუ
გადაავლებთ მის სურათებს, ნაცრისფერი კოსტუმების სიჭარბეზე მის გარდერობში, სავარაუდოდ,
ვერ შევთანხმდებით), ეწეოდა ბევრს და წერდა. როგორო, შეფასებას ნუ მომთხოვთ. აი, მის
ერთ რომანზე კი უფრო ვრცლად მოგიყვებით. „სარწეველა ფისოსათვის“ დაერქვა ამ წიგნს ქართულად
(აქ ცოტა ვონეგუტისეული ირონია გაერია ჩემს ხმას).
„სარწეველა ფისოსათვის“
პირველად 1963 წელს გამოიცა. მისტერ ვონეგუტს, ალბათ, გული არ აჩქარებია მის დანახვაზე,
მეოთხე წიგნი იყო, ბოლოს და ბოლოს, იქამდე წიგნის გამოცემით გამოწვეულ სიხარულს შეეჩვეოდა
(თუმცა, გამოგიტყდებით, იუმორისტები სიხარულს მოკლებული ხალხი მგონია).
ჰოვარდ ჯეიკობსონს
რომ ჰკითხოთ, სხვათა შორის, ისიც მწერალია, ისიც ხუჭუჭთმიანი, ოღონდ ინგლისელი, თითქმის
ყველა მწერალი ერთხელ მაინც წერს ისეთ ნაწარმოებს,
რომელშიც კაცი წიგნსა წერსო. კურტ ვონეგუტიც ასე იქცევა - ჯონი თუ იონა (თვითონ გვთხოვს,
იონა მიწოდეთო), ამ რომანის მთავარი გმირი, წიგნს წერს იმაზე, თუ რას აკეთებდნენ ცნობილი
ამერიკელები იმ დღეს, როცა ჰიროსიმაზე ატომური ბომბი ჩამოაგდეს. შავი იუმორი ვონეგუტის მთავარი პოსტმოდერნული
ხერხია, ხერხი კი არა, რაღაც უფრო შიშისმომგვრელი იარაღი, შეიძლება ითქვას, ნაჯახი.
მეოცე საუკუნე ორი დიდი ტრაგედიით ხასიათდება, ორივეს მსოფლიო ომი ჰქვია და ორივე დანომრილია.
ვონეგუტი კი, არა როგორც მწერალი, არამედ როგორც მთელი ამერიკა, ან ამერიკის ცნობილი
ადამიანები, ემიჯნება ამ ტრაგედიას. ისინი გულგრილი არიან ამ ტრაგედიაში შეტანილი თავიანთი
წვლილისადმი. „ატომური ბომბის მამას“ არც კი ადარდებს, კაცობრიობამ რა გამოყენება მოუძებნა
მის პირმშოს. რა თქმა უნდა, აქ ჩვენ ვინმეს, მითუმეტეს პერსონაჟის გასაკიცხად თუ განსასჯელად
არ მოგვიყრია თავი, და მხოლოდ იმას უნდა ჩავუკვირდეთ, რომ ვონეგუტმა შავი იუმორი ამ
მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ამერიკული საზოგადოების ზედაპირული დახასიათებისთვის გამოიყენა.
აქ, ამ წიგნში,
ასევე პაროდირებულია საზოგადოების დამოკიდებულება მეცნიერებისადმი. ვონეგუტის შემდგომ
ეპოქაშიც მეცნიერული პროგრესი კაცობრიობის განვითარებასთან იგივდება, რომანში „სარწეველა
ფისოსათვის“ კი მეცნიერული პროგრესი სამყაროს აღსასრულს იწვევს.
ვონეგუტი მასხრად
იგდებს თვითონ ჭეშმარიტებისადმი დაკიდებულებასა და რელიგიასაც. რელიგია აქ ჭეშმარიტების
მქადაგებელი არ არის, პირიქით, ბოკონონის პირველივე წიგნის ყდაზე წერია, სულელურად
ნუ მოიქცევი, ახლავე დახურე ეს წიგნი, აქ ყველაფერი ფომაზე (უბოროტო ტყუილზე) არის
დაფუძნებულიო. რეალურ სამყაროში გამეფებული აზრით, სიმართლის შეცნობისა და ცოდნის მიღების
გზით კაცობრიობა პროგრესს განიცდის, ვონეგუტის რომანში კი მეცნიერება, როგორც უკვე
ითქვა, სიცოცხლის მომსპობ იარაღად იქცევა, აი, სიმართლე კი მტერია კაცობრიობისა. ბოკონონისტმა
იცის, რომ რელიგიის დანიშნულება შეჭმარიტების შეცნობა კი არა, სარგებლის მიღებაა, რაც
ტყუილის მეშვეობითაც შესაძლოა მოხდეს.
პოსტმოდერნი ავტორებისთვის
დამახასიათებელია ასევე პასტიში - სხვა
ლიტერატურული მიმდინარეობების ჟანრებისა და სტილების გაერთიანება - თუმცა სამეცნიერო
პროზისა და დეტექტიური პროზის (ჟურნალისტური თუ მწერლური „გამოძიება“ ამასთან გავაიგივოთ)
ელემენტების გამოყენების გარდა, ვონეგუტმა სხვა ლიტერატურული მიმდინარეობის მწერლებისგან
კიდევ „ისესხა“ რაღაც - მან სან-ლორენსოს რესპუბლიკა „დააარსა“ კარიბის ზღვის კუნძულებზე.
აქ თავიანთი რელიგია აქვთ - ბოკონონიზმი. სწორედ მათ საღვთო წიგნზე გიყვებოდით ზემოთ.
მთავარი გმირი თხრობის დროს ბოკონონის წიგნებს იმოწმებს. ლიტერატურულ ტექსტში ამგვარად
მეტათხზულების გამოყენებაც პოსტმოდერნული
ხერხია. ეს საშუალებას აძლევს მწერალს დროდადრო მთავარ გმირს ჩამოართვას ლაპარაკის
უფლება და სხვა ვინმეს პირით გამოთქვას აზრი.
ვიდრე ბოლო წერტილს
მივუახლოვდებოდეთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ კიდევ ორი პოსტმოდერნული ხერხი, რომელსაც
ვონეგუტი იყენებს - დროებითი რღვევა (მოქმედება
ხშირად წარსულის სხვადასხვა მონაკვეთში ინაცვლებს, გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა
პერსონაჟი სხვადასხვა ამბავს იხსენებს) და ფრაქცია
- სიუჟეტი ნაწილობრივ ისტორიულ ფაქტებზეა დაფუძნებული და აგებული, ნაწილობრივ კი თხზულებაა.
აქ წაშლილია ზღვარი რეალობასა და ფანტაზიას შორის, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ სამყაროში,
ჰიროსიმაზე ჩამოგდებული ატომური ბომბის სამყაროში, სადღაც, კარიბის ზღვის კუნძულებზე,
სან-ლორენსოს რესპუბლიკაა..
No comments:
Post a Comment