წიგნის მიმოხილვა - ჰოვარდ ჯეიკობსონი - The Finkler Question
ვერასდროს წარმოვიდგენდი, ჩემს ცხოვრებაში თუ მოხდებოდა რამე ისეთი, წიგნის კითხვის სურვილს რომ დამაკარგვინებდა. რაღას არ კარგავენ ადამიანები: ცხოვრების ხალისს, მადას, საფულეს, ინვესტიციას, მიწა-წყალს, მარცხენა ფეხს, თავს (თუ ეს რჩებათ? სახლში), საყვარელ ადამიანს, ჰო და, სხვების პრობლემებთან რაღა მოსატანია, შენ რომ მესამე თვეა წიგნებს ვეღარ კითხულობ. ასეთი იყო ორი თვე და მესამე თვე - წიგნს დღეში ათჯერ მაინც ვშლიდი, ბოლოს და ბოლოს, წიგნის მაღაზიაში ვმუშაობ და სხვა რა გზა მაქვს. isbn-ები მესიზმრებოდა, თქვენი კი შესაძლოა, არც კი იცით, რა არის isbn. სხვებს ვურჩევდი - ეს წაიკითხეთ, ეს წააკითხეთ, ეს აჩუქეთ. სხვებს ვუყვებოდი - ეს წავიკითხე. ორი თვის წინ. ხუთი თვის წინ. ახლა არა. ახლა აღარ ვკითხულობ. ვეღარ. ვიცოდი, თუ არა რომელიმე წიგნის მაღაზიის თაროებზე, თუ არა ჩემს კარადაში, თუ არა ჩემს ელექტრონულ ბიბლიოთეკაში, სადმე მაინც იქნებოდა ის ერთი წიგნი, სხვა წიგნებთან რომ დამაბრუნებდა. ვიპოვე. ჰოვარდ ჯეიკობსონის „The Finkler Question”. შაბათი ჩემი ერთადერთი თავისუფალი დღეა, რომელსაც ათასი ვინმე და რამე ჩასაფრებია - ჭუჭყიანი ტანსაცმელი, გაწეწილი თმები, მეგობრები, უმცროსი და, ქამა სოკო, მოთხრობის იდეა, ნახევრადნათარგმნი წიგნი, ყავის ფინჯანი. წიგნებიც, რომლებსაც მესამე თვეა ვეღარ ვკითხულობ. გუშინ შაბათი იყო და ვიპოვე. ისევ ვიპოვე. წიგნი, რომელმაც წიგნებთან დამაბრუნა და გული დასწყვიტა ქამა სოკოსაც, უმცროს დასაც, ყავის ფინჯანსაც.
The Finkler Question
ჰოვარდ ჯეიკობსონი 72 წლის „ბუკერის პრემიის“ მფლობელი ინგლისელი მწერალი და ჟურნალისტია. კაცი, რომელსაც ბრიტანელ ფილიპ როთს უწოდებენ და რომელიც საკუთარ თავს ებრაელ ჯეინ ოსტინად მიიჩნევს.
წიგნი მოგვითხრობს არაებრაელ ჯულიან ტრესლავზე, რომელსაც სურს იყოს ებრაელი, მის ებრაელ მეგობარ სემ ფინკლერზე, რომელიც ანტისემიტია, სემის ცოლ ტაილერზე, რომელიც არაებრაელია, მაგრამ ყველა ებრაულ ტრადიციას იცავს. ჯულიან ტრესლავს უამრავი ქალი ყავს, თითქმის ყოველი მათგანის სახელი „ჯუ“-თი იწყება (ინგლისურად „Ju”, რაც ისე ჟღერს, როგორც „Jew” - ებრაელი). კომიკურია ჯულიანის დამოკიდებულება ქალების მიმართ - ყოველი მათგანი უყვარდა, მერე რა რომ არაფრით გამოირჩეოდნენ ეს ქალები, იქნებ, არც კი შეეფერებოდნენ, მერე რა, რომ ერთი ღამის შემდეგ გაურბოდნენ. ყოველი მათგანი უყვარდა. ვიდრე არ მიხვდა, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი შემთხვევითობა იყო. ვიდრე არ მიხვდა, რომ ყველა ქალი, რომელიც უყვარდა, შემთხვევითობა იყო. კომიკურია ჯულიანის დამოკიდებულება ებრაელების მიმართაც - ერთხელ ქალი გაძარცვავს. არა, ზუსტად ისიც არ იცის, ქალი რომ იყო მძარცველი. გაძარცვავს და შენ, ებრაელოო, მიაძახებს, თუმცა არც ამაშია დარწმუნებული. და ჯულიანი საკუთარ თავს არწმუნებს, რომ ებრაელია. ცხოვრების მთავარ ტრაგედიად არაებრაელობა მიაჩნია. მისი ორი უახლოესი მეგობარი ებრაელია. შურს მათი. მათ საკუთარი თავისთვის ტანჯვის მისაყენებლად უფრო დიდი მიზეზი აქვთ - ებრაელები არიან. პირველი ებრაელი, რომელსაც ჯულიანი გაიცნობს, სემ ფინკლერია, ამიტომ მისთვის სიტყვა „ებრაელი“ ფინკლერთან იგივდება. ებრაელებს „ფინკლერებს“ უწოდებს. სათაურშიც ეს იგულისხმება - ებრაელობის კითხვა. ებრაელობა, არა ებრაელობა, საკითხავი აი ეს არისო, თითქოს გვიმეორებენ შექსპირის მოყვარული ტრესლავი და ფინკლერი. ჯულიან ტრესლავის სამყაროც მართლაც ორად არის გაყოფილი - ებრაელებად, რომლებიც ღმერთის სწორნი არიან და დანარჩენებად, რომლებსაც ისღა დარჩენიათ, ან შეიზიზღონ ებრაელები, ან ებრაელად ყოფნა ინატრონ. ეს არის წიგნი, რომელშიც ებრაელები თავად ხდებიან ანტისემიტები, არაებრაელები კი არაებრაელობით გამოწვეულ სევდას შეუპყრიათ, წიგნი, რომელშიც ჰოლოკოსტის ისტორიულ რეალობასაც კი ეჭვქვეშ აყენებენ, წიწილა კი ებრაელი კაცისთვის იმის სიმბოლოა, რომ ქალების არმია ყავს მის მოსამზადებლად. თუმცა ეს წიგნი მხოლოდ ებრაელებზე ან არაებრაელებზე არ არის. ყველანი პოლიტიკურ, კულტურულ, ემოციურ, ინტელექტუალურ, სოციალურ, ეკონომიკურ თემებს სხვადასხვა კუთხით ვუღრმავდებით და განვიხილავთ. სამყაროს შეცნობის მექანიზმი ზოგისთვის მუსიკაა, ზოგისთვის - სხვა ადამიანი, ჩემთვის - ლიტერატურა, ჯულიან ტრესლავისთვის - ებრაელობა. სწორედ ამ ებრაელობით უღრმავდება ჯულიანი ისეთ ცნებებს, როგორებიცაა რწმენა, ურთიერთობები, ოჯახი, საზოგადოება და კულტურა. The Finkler Question საინტერესო სწორედ სამყაროს შეცნობის ამ მექანიზმითაა.
No comments:
Post a Comment