(თავებად დაყოფილი წერილი)
წიგნის მიმოხილვა - ჰარუკი მურაკამის „კაფკა პლაჟზე“ („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, მთარგმნელი - თამარ სუბელიანი).
განსაკუთრებული მიმართვა სპოილერფობებს: ნუ წაიკითხავთ მე-5, მე-6, მე-7 ქვეპუნქტებს.
1
იმ ღამით ვერ დავიძინე, ან რა დამაძინებდა. პირველ თარგმანზე მუშაობას მოვრჩი. მალე ქართულად გამოჩნდებოდა წიგნის მაღაზიებში ჰარუკი მურაკამის „კაფკა პლაჟზე“ და ამაში წვლილი მეც მიმიძღოდა.
რამდენიმე დღის შემდეგ სევდა დამეუფლა. მიზეზს ვერ მივხვდი. შესვენებაზე გამოვედი. იმ სამსახურში, ასეთს, მოწყენილს, გალაკტიონის ხიდზე გადასვლა მიყვარდა. იქითკენ წავედი და ქუჩაში მოხუცს მოვკარი თვალი, კატას ელაპარაკებოდა. ცუდი მხედველობა მაქვს, ამ დისტანციას თუ დავიცავდი, მოხუცი კაცის ნაკვთებს ვეღარ გავარჩევდი და შევძლებდი ჰარუკი მურაკამის რომანის მთავარ პერსონაჟად – ნაკატად მიმეჩნია. თვალს რომ მიეფარა ის კაცი, მერეღა მივხვდი, რა დარდი გამჩენოდა – ერთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ აღარ შემეძლო მურაკამის პერსონაჟებთან გამოთხოვება. „თანაცხოვრებას“ უადგილო სიტყვად ნუ მიიჩნევთ, დიახ, ჩვენ ერთად ვიცხოვრეთ, მე, ჰარუკი მურაკამის აჩრდილმა და მისმა პერსონაჟებმა თბილის ქალაქის ერთი უღიმღამო ქუჩის პირას მდგარ კორპუსში. საქმე იქამდე მივიდა რომ სიზმრად მურაკამისთან ერთად ვჭამდი დონატებს (მას ჰყვარებია, მე – არც ისე).
იაპონელი მწერალი ერთ ზაფხულს იმერეთისკენ მატარებლით მიმავალ გზაზე შემიყვარდა. ცხელოდა, ხალხი ხმაურობდა, პირდაპირ მჯომ კაცს ქათამი მოჰყავდა (რატომ თბილისიდან სოფელში, არავინ უწყის). ამ ქათმის კრიახსა და ქალების გადაძახილში, ზურგჩანთიდან წიგნი ამოვიღე. არ ვიცი, თან რატომ წავიღე ის რომანი („ნორვეგიული ტყე“) და არა იმავე თაროზე ჩამოდებული „კაფკა პლაჟზე“. ხმაურითა და სიცხით გაღიზიანებულმა დავიწყე კითხვა, რამდენიმე გვერდის შემდეგ კი მხოლოდ წიგნიდან მობერილი სიოს მიერ აშრიალებული ტყის ხმა მესმოდა, ქალების გადაძახილი ჩიტების ჟღურტულად იქცა. რამდენიმე თვეში ამ მწერალმა შემიპყრო. სხვა აღარავინ მსურდა! მაგრამ აკვიატებებიც კი, საბედნიეროდ, წარმავალია. როცა მურაკამის ყველა რომანმა წაკითხული წიგნების თაროზე გადაინაცვლა, ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში ჩადგა – ამინდი იცვლებოდა, სამუშაო ადგილებიც, თმის ფერიც, ავტორებიც – ახლა ხან თომას მანს ავიკვიატებდი, ხან ჯ.მ. კუტზეეს, ხან მიშელ უელბეკს, ხან ჰერტა მიულერს, ხანაც ჰოვარდ ჯეიკობსონს.
ვეღარ ვიხსენებ, ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრმა წიგნის თარგმნა რატომ დავიწყე, თან მაინცა და მაინც, ჰარუკი მურაკამის რომანის. იმ დროს ხომ უკვე სხვა მწერლები მიშლიდნენ ფიქრის საღერღელს. პირველი რამდენიმე თავი გადავთარგმნე და კომბლესავით ჭერში შევაწყე. იქვე დავტოვებდი, მე ხომ არც მწყემსი ვარ და არც ჰარუკი მურაკამისავით ვარსკვლავიან ცხვარზე მონადირე, ჩემს მეგობარს რომ არ შეეჩიჩინებინა, რედაქტორს აჩვენეო. ვაჩვენე. მოეწონათ. აი ასე ჩავები ჩემთვის უცხო ფერხულში, შორიდან, ცეცხლის ალების შუქზე გონებას რომ გიმღვრევს და გიზიდავს, ახლოდან კი ალქაჯთა როკვას ემსგავსება.
ავად თუ კარგად, ძალიან ბევრი დღისა და ღამის, რამდენიმეთვიანი სასოწარკვეთის, ასიათასი ფინჯანი ჩაისა და სიზმრადნაჭამი დონატების შემდეგ თარგმნა დავასრულე. და, აი, ასე 2014 წლის მაისში „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ ჰარუკი მურაკამის პოსტმოდერნული რომანი „კაფკა პლაჟზე“ გამოსცა. მაისის ბოლოს „თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე“ ვათენებდი და ვაღამებდი სიხარულატანილი – იქ მოსულ თითქმის ყველა მკითხველს „კაფკა პლაჟზე“ მიჰქონდა სახლში. (და მერე მიჰქონდათ პლაჟზეც)..
2
მურაკამის წიგნები ცალმხრივ სიყვარულებზეა.
ზოგჯერ ორმხრივ ცალმხრივ სიყვარულებზე.
ცალმხრივ პასუხისმგებლობებზე. ცალმხრივ ოცნებებზე. ცალმხრივ სიზმრებზე. ცალმხრივ მკვლელობებზე. ჩრდილდაკარგულ, ცალმხრივ ადამიანებზე.
წიგნიც ცალმხრივია.
ალბათ, ავტორიც.
(და მთარგმნელიც).
და ყველაფერი - ეს ცალმხრივი გრძნობები, ცალმხრივი იდეები, ცალმხრივი სასჯელები, ცალმხრივი ჩიტები, ცალმხრივი წყევლები, ცალმხრივი მომავალი - ყველაფერი მეორე მხარეს ელოდება.
მეორე ცალმხარეს.
3
(ანუ ქვესათაური - მკითხველი, როგორც პერსონაჟი)
ეს წიგნიც, სხვა მურაკამის წიგნებივით, ცალმხრივია. ყოველი მკითხველი ამ რომანის სრულფასოვანი პერსონაჟია. მწერალი ფაზლის ნაწილებს გვაწვდის და ირლანდიელი პოეტის უილიამ ბატლერ იეტსის სიტყვებით გვაფრთხილებს, პასუხისმგებლობა სიზმრებშივე იწყებაო. სიუჟეტის შესაძლო განვითარებაზე ჩვენვე გვეკისრება პასუხისმგებლობა. და თან, ბევრი რამ უნდა გადავწყვიტოთ_ კაფკა თამურას, მთავარ გმირს, ოიდიპოსისეული წყევლა სდევს და სახლიდან გარბის. მკითხველმა კი არჩევანი უნდა გააკეთოს_ კაფკა თამურა ან მოკლავს მამას, ან არა. კაფკა თამურა ან დაამყარებს სქესობრივ კავშირს დედასთან და დასთან, ან არა. და ა.შ.
4
ფაზლივითაა ეს წიგნიო, მურაკამი ამბობს, რომელსაც ვერ ააწყობთო.
არც ასეა საქმე.
5
(ისევ ქვესათაური - სახელის პრობლემა)
წიგნი ორმოცდაცხრა თავად იყოფა. კენტი თავების მთავარი გმირი ის კაფკა თამურაა, სახლიდან რომ მამის წყევლას გამოექცა. (ლუწი თავების მთავარი პერსონაჟი კი ნაკატაა, ერთი მოხუცი, რომელსაც კატებთან ლაპარაკი შეუძლია). კაფკა თამურა მოგონილი სახელია. ბიჭი სახლიდან გარბის, რა თქმა უნდა, სახელის შეცვლა სჭირდება.
ამ 49 თავის შემდეგ, კაფკა თამურას სხვა გზა აღარ ექნება - მოუწევს ამ სახელსაც გაექცეს. ის ან თავდაპირველ სახელს დაიბრუნებს, ან ისევ სხვა რამეს შეირქმევს. ინგებორგ ბახმანის აზრით, სახელის უარყოფა წარმომავლობის, თვისებებისა და ვალდებულებების ჩამორთმევასაც გულისხმობს (ინგებორგ ბახმანი, „სახელთან მიმართება“). შესაბამისად, შეგვიძლია სახლიდან, მამისგან, წყევლისგან, შესაძლო პასუხისმგებლობისგან გაქცევა სახელისგან გაქცევასთან გავაიგივოთ. და როცა გაურბიხარ საკუთარ სახელს, განა სხვად არ იქცევი? და ამ სხვად ქცეული, თუ კი იმ თავდაპირველი სახელის მქონე კაცის მამას მოკლავ, განა ის მამაშენი იქნება? იქნებ, სახელის მოშორებასთან ერთად კვდება ადამიანი? ან იქნებ, რამდენი სახელიც გაქვს, იმდენი კაცი ხარ?
6
ეს ფაზლი რამდენჯერმე ავაწყე. ყოველთვის სხვადასხვანაირად. ყველაზე მეტად ასეთი მომეწონა და დავტოვე ხელუხლებლად _
კაფკა თამურამ ირწმუნა მამის წყევლა, შესაბამისად პასუხისმგებლობაც დაეკისრა.
და, დიახ, ის მამასაც კლავს,
და დედასთანაც, დასთანაც სქესობრივ კავშირს ამყარებს,
რადგან თავად მიიჩნევს ასე.
7
წიგნის კენტი თავები, ისინი, კაფკა თამურაზე რომლებიც მოგვითხრობენ, აწმყო დროშია დაწერილი. ლუწები - ნაკატიანი თავები - წარსულში. ერთგან კაფკა თამურას ოსიმა არისტოფანეს სიტყვებს ახსენებს, ადამიანები თავიანთ დაკარგულ ნახევრებს დაეძებენო. ამ წიგნში ორი ნახევრადჩრდილდაკარგული ადამიანი დაეძებს ერთმანეთს, როგორც წარსული და აწმყო, და ისინი სადღაც ხვდებიან, სადღაც იკვეთებიან, რომ ისევ გაიყარონ
და წარსული დარჩეს წარსულად, აწმყო კი - მუდამ აწმყოდ.
8
ნეტა, 49 თავის მერე ხელში რა შეგრჩებათ? ალბათ, სრულიად საკმარისია, ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ პლაჟზე, ლურჯზოლებიან შეზლონგზე ჩამომჯდარი 15 წლის ბიჭი დაინახოთ.
9
გაიხსენეთ წერილის დასაწყისი.
თვალს რომ მიეფარა ის კაცი, მერეღა მივხვდი, რა დარდი გამჩენოდა – ერთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ აღარ შემეძლო მურაკამის პერსონაჟებთან გამოთხოვება.
ახლა 2014 წლის ნოემბერია. უკვე რამდენიმე თვეა ჰარუკი მურაკამის სხვა პერსონაჟებთან ერთად ვცხოვრობ. მალე მათაც უნდა გამოვეთხოვო.
მალე ქართულად „ნორვეგიული ტყე“ გვექნება.
No comments:
Post a Comment