March 4, 2015

ბებიაჩემი ერთი ტაფით გამოამზითვეს


ნაწილი პირველი, სიზმარი მეორე
იმ დღეს, შორეულ ნათესავებს რომ ველოდი სტუმრად, კარაქში მოშუშული ქათმის ხორცი ბებიაჩემის ნაქონი ტაფითვე შემოვდგი კიბემორყეული სახლის მეორე სართულის აივანის კუთხეში მოთავსებულ ლურჯსუფრაგადაფარებულ მრგვალ მაგიდაზე, სადაც დედაჩემს თუ დეიდაჩემს დილით მეზობლის მიტოვებულ ეზოში დაკრეფილი თეთრი ვარდები დაეწყო და მივიწყებოდა.
ვიდრე ჩემი შორეული ნათესავები, მათ სახელებს ვერაფრით ვიმახსოვრებდი, მამაჩემთან სატელეფონო კავშირს არ წყვეტდნენ და ცდილობდნენ გზა მისი დახმარებით გამოეკვალათ, აივნის მეორე ბოლოში გაბმულ ჰამაკში ჩავწექი და ჩამეძინა.
სიზმრად დაკარგულ შვილს დავეძებდი, ან შეიძლება უმცროსი დაც იყო, იმ ხის სახლის ბნელ კუნჭულებშიც, მზიან ოთახებშიც, საკუჭნაოშიც, კიბის ქვეშაც. სააბაზანოში ვიპოვე, საკუთარ თავს აღარ ჰგავდა, დაპატარავებულიყო, არაფერი დარჩენილიყო მისგან, მხოლოდ რამდენიმე კოვზი კარაქი და ქათმის ხორცის თეთრი ნაწილი, ისიც წყალში ჩაძირული. ჩამოვჯექი, ავტირდი, ავცახცახდი, ავქვითინდი, ავბღავლდიროგორ შეძლებდა გამოღვიძებას? რომ დამხრჩვალიყო? ჩემს კივილზე, წივილზე, ბღავილზე, ქვითინზე, წიწკვინზე, ბებიაჩემის მშობლები შემოცვიდნენ, ბებიაჩემის დედა და დედა, ბებიაჩემის ორი გამზრდელი ქალი. იმ ერთი ტაფისთვის, რომლითაც ბებიაჩემი გამოამზითვეს, ოთხი ხელი ჩაეჭიდათ და მამშვიდებნენ, არაუშავსო, ჩვენ მოვაბრუნებთ ამქვეყნადო, ცივ ნიავს არ მივაკარებთო, გამოვზრდითო, საკენკს დავუყრითო, წინდებს მოვუქსოვთო, კითხვას ვასწავლითო, ოღონდ გვენდე, ტაფაზე გადმოდე და ცეცხლად შეენთეო.

გამომეღვიძა, აწვიმდა მეზობლების სახურავებს, მოაჯირებს, მორყეულ კიბეებს, ხეებს, მიწას და ბილიკსაც, ქვაღორღიან გზასაცკარალიოკის ხეზე ჩამწკრივებულ ქათმებს, ჭას, ხიდან ხემდე გაჭიმულ თოკზე გაფენილ სარეცხს, შარვლებსაც, კაბებსაც, ზეწრებსაც, ბალიშის პირებსაც, დეიდაჩემის პერანგსაც. ისინი, დედაჩემი, მამაჩემი, დეიდაჩემი და ბებიაჩემის ლანდი, შეყუჟულიყვნენ სახლში, დაზარებოდათ სარეცხის ჩამოხსნაც, გალიაში მოთავსებული თეთრი ბოცვერის აივანზე ამოყვანაც. ეზოში, მაგიდაზე უპატრონოდ დაეტოვებინათ რობერტ მუზილისუთვისებო კაცისსქელტანიანი გამოცემის მეორე ტომიც, მესამე თვე იყო ვკითხულობდი. მეც დამეზარებოდა, სახლში თუ არ შევიყუჟებოდი, ცხვირს მაინც არ გავყოფდი აივნიდან, ჭირსაც წაეღო ის წიგნი, მაგრამ სანიშნედ ბებიაჩემის მშობლების ერთადერთი ფოტო გამოვიყენე, ბებიაჩემის ორი დედის.
სოფელში დღემდე ამრეზით იხსენებენ იმ ორ ქალს, ერთს ბებიაჩემი გაეჩინა, ვისგან, კაციშვილმა არ იცის, მეორესთან შესახლებულა, ჰყვარებია, მერე მიუტოვებია საყვარელიცა და შვილიც. იმ ფოტოზე, თუ არ მივუსწრებდი რომ გაილუმპებოდა, იმ ორ ქალს ნაწნავები გაეშალათ, მინდორზე ჩამომსხდარიყვნენ, ერთი მუხლებზე იდგა, მეორეს მუხლისთავები მოუჩანდა.
იმ ორ ქალს ჯერ ბებიაჩემი გამოუმზითვებიათ ერთადერთი ტაფით, მერე მიუტოვებია იმ ქალს ოჯახი, საყვარელიცა და სახლში შვილთან, მამაჩემთან, და ტაფასთან ერთად მობრუნებული ბებიაჩემ.
სოფელში დღემდე ამრეზით იხსენებენ იმ ორ ქალს, აი, ბებიაჩემის ტაფის ხსენებაზე კი თმა ყალყზე უდგებათ, აჟრიალებთ, პირჯვარს იწერენ, ზიზღით აფურთხებენ, მდინარის გადაღმა მცხოვრები სოსიკო კი იფსამს კიდეც.
ბებიაჩემი იმ ერთი ტაფით გამოამზითვეს, იმ მაგიურთვისებებმიწერილი ტაფით, იმ განახშირებული ტაფით, რომელიც დედაჩემმა, შედგა თუ არა მამაჩემის ოჯახში ფეხი, სახურავზე აიტანა, სკივრში ჩადო, დაატყვევა, გამოამწყვდია და სოფლად დარჩნენ მხოლოდ ჩურჩულები, მხოლოდ მიმოტანილი ენები, მხოლოდ წარბის აზიდვები, მხოლოდ ფეხის აჩქარებები ჩვენს სახლთან ჩავლისას, მხოლოდ რიდი, კრძალვა, შიში, შფოთვა, თრთოლვა ჩემთან, მამაჩემთან შეხვედრისას, დედაჩემს არაფერს ერჩოდნენ, მათი ძილის დამფრთხობი, მათი ცხრათავიანი გველეშაპი ხომ დაატყვევა, დეიდაჩემსსულ არაფერს, ესალმებოდნენ, უღიმოდნენ, ელაპარაკებოდნენ, ორჯერ გადაიპატიჟეს კიდეც.
დედაჩემი იმ ტაფას დიდხანს არ ახსენებდა, მამაჩემი უტყვი კაცია, მას მხოლოდ ის შეუძლია, სატელეფონო კავშირი არ გაწყვიტოს და გზა მიგასწავლოს, დეიდაჩემმა, ალბათ, არც არაფერი იცოდა, ბებიაჩემის მხოლოდ ლანდი მენახა, ისიც მამაჩემივით უტყვი, მაგრამ ხმაურიანი. დიახ, ხმაურიანი ლანდი ჰყავდა ბებიაჩემს, მამლის ყივილამდე იღვიძებდა, გამოძვრებოდა ჩემი საწოლის ქვემოდა, წაიკრავდა თავშალს და აწრაკუნებდა ჭიქების, კოვზების, ჩანგლებ, დანების, თეფშების, მოზრდილი თეფშების ლანდებს, ანთებდა ცეცხლის ლანდს და სამფეხზე დგამდა იმ ტაფის ლანდს, რომლითაც გამოამზითვეს, რომელსაც თოთხმეტი წლისა ჭერზე შემოდებულ სკივრში გადავაწყდი.
იმ ზაფხულს დეიდაჩემმა წამოგვიყვანა მე და ბიძაშვილები. პირველად ვიყავით სოფელში დიდი ხნით ჩამოსული. ვხვდებოდი, აქ არავის მოსწონდა ჩემი გამოჩენა. ერთხელ, როგორღაც მოხდა ისე, ყველა ჭაში წყალი აიმღვრა, ჩვენსაშიარა, კამკამებდა. დეიდაჩემმა ყველას მისცა ნება, შემოსულიყვნენ ეზოში, ეს ჭა გამოეყენებინათ. მთელმა სოფელმა ჩვენს ჭიშკართან მოიყარა თავი, მაგრამ არც ერთს ნაბიჯი არ შემოუდგამს ეზოში. იდგნენ და ელოდნენ, როდის მივუტანდით ვედრით კუთვნილ წყალს. ჩემთვის არც ერთმა მათგანმა არ ისურვა ვედროს მოწოდება. არც ჩემი მიტანილი წყლის წაღება სურდათ. რამდენიმე მათგანმა, გამომართვა თუ არა წყლით სავსე ჭურჭელი, იქვე დაღვარა, სხვებმა ზურგი მაქციეს და უსიტყვოდ გამეცალნენ.
ქალაქში დაბრუნებულმა ეს ამბავი იმავე საღამოს ვახშმობისას ჩამოვურაკრაკე მშობლებს, დედაჩემმა პირისკენ წაღებული ჩანგალი ისევ თეფშზე ჩამოდო, მამაჩემი ადგა და კაბინეტში შეიკეტა. დედაჩემმა ბრძანა, ჭამა განაგრძე და სუფრა აალაგეო, მერე არც აცივა, არც აცხელა, მოჰკიდა მამაჩემის სიგარეტს ხელი და ისე გააფუილა იქვე, წარბიც არ შეუხრია.
ახლა მე ვუკიდებ სიგარეტს და გავყურებ ბებიაჩემის ნაქონ ტაფას, რომელზეც დიდი ხნის წინ გაცივდა კარაქში მოშუშული ქათმის ხორცი.

ნაწილი მეორე, დამეთანხმეთ, ორად გასაყოფი აქ არაფერია, არც სიზმარი,  აი სათაური კი მეტისმეტად გამიგრძელდა, თან ჯერ არ დასრულებულა, როგორღაც ლაკონურად უნდა ვუთხრა წამკითხველს, რომ ქვემომდებარე ტექსტი გამოქვეყნდა რომელიღაც გაზეთში (სამწუხაროდ, აქ გაზეთის სათაური არ ჩანს) წინა საუკუნის 60-იან წლებში 

ჩვენი გაზეთის მკითხველები გასულ თვეში სოფელ X-ში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტს კარგად იცნობენ. იმ ავბედით ღამეს სოფელში ყველა 12-დან 18 წლამდე ასაკის გოგონამ, გარდა ერთისა, თავი ჩამოიხჩო. გამოძიების დეტალები არ ხმაურდება. დღემდე უცნობია ამ მასიური თვითმკვლელობის აქტის გამომწვევი მიზეზები. ჩვენ ვეწვიეთ რა სოფელ X-, ვცადეთ გადარჩენილ გოგონასთან, რომელსაც თვითმხილვევლიშეერქვა, გასაუბრება. სამწუხაროდ, 13 წლისთვითმხილველისმშობლები უარს ეუბნებიან პრესის წარმომადგენლებს გოგონასთან შეხვედრაზე. რამდენიმე დღის წინ კი დაგვიკავშირდა სოფლის ერთი მაცხოვრებელი, რომელიც თავად დალაპარაკებია თვითმხილველს“. ჩვენი წყაროს განცხადებით, იმ ღამით ყველა გოგონას ერთი სიზმარი უნახავს, გაღვიძებისთანავე პერანგებითვე გამოსულან სახლიდან, წასულან ტყეში და თავი ჩამოუხჩვიათ. გაურკვეველია, როგორ გადარჩა თავადთვითმხილველი“. ჩვენი წყაროს განცხადებით, მასიურ სიზმრებს სოფელში ადგილი ადრეც ჰქონია და მას, ნუ იტყვით და, ამავე სოფლის მაცხოვრებლის მიერ ერთ ტაფაზე მომზადებული საჭმელი იწვევს თურმე.


ნაწილი მესამე, სიზმარი
დაკარგულ შვილს დავეძებდი, ან შეიძლება უმცროსი დაც იყო, იმ ხის სახლის ბნელ კუნჭულებშიც, მზიან ოთახებშიც, საკუჭნაოშიც, კიბის ქვეშაც. სააბაზანოში ვიპოვე, საკუთარ თავს აღარ ჰგავდა, დაპატარავებულიყო, არაფერი დარჩენილიყო მისგან მხოლოდ რამდენიმე კოვზი კარაქი და ქათმის ხორცის თეთრი ნაწილი, ისიც წყალში ჩაძირული. ჩამოვჯექი, ავტირდი, ავცახცახდი, ავქვითინდი, ავბღავლდიროგორ შეძლებდა გამოღვიძებას? რომ დამხრჩვალიყო? ჩემს კივილზე, წივილზე, ბღავილზე, ქვითინზე, წიწკვინზე, ქალები შემოცვივდნენ, უცნობი ქალები. შავი ტაფისთვის ოთხი ხელი ჩაეჭიდათ და მამშვიდებნენ, არაუშავსო, ჩვენ მოვაბრუნებთ ამქვეყნადო, ცივ ნიავს არ მივაკარებთო, გამოვზრდითო, საკენკს დავუყრითო, წინდებს მოვუქსოვთო, კითხვას ვასწავლითო, ოღონდ გვენდე, ტაფაზე გადმოდე და ცეცხლად შეენთეო.
გამოვართვი ის ტაფა. სამფეხზე შემოვდგი. ცეცხლი შევუნთე. შევწვი. ქათმის ხორცად ქცეული დაკარგული შვილი თუ უმცროსი და.
მერე იმ ტაფითვე შემოვდგი კიბემორყეული სახლის მეორე სართულის აივანის კუთხეში მოთავსებულ ლურჯსუფრაგადაფარებულ მრგვალ მაგიდაზე, სადაც ვიღაცას თეთრი ვარდები დაეწყო და მივიწყებოდა.
წვიმდა მაგიდას, ტაფას, ჩემს ხელებსაც.
გვერდზე გადავდე თეფშიც, დანაც, ჩანგალიც.

ხელით იმ ტაფიდანვე შევჭამე.  


ავტორი: თამარ სუბელიანი

No comments:

Post a Comment