პური არასდროს ხვდებოდა დილით. ჯერ კიდევ იქამდე გაიშვერდნენ თითს საათისკენ, შენი ძილის დრო მოვიდაო, სანამ პურისმჭამელი მოვიდოდა და ალოკავდა ბოლო ნამცეცებს. არც სხვებზე ადრე გაღვიძება გამოსდიოდა. თვალს როცა კი გაახელდა, მოხუცის ზურგს ხედავდა ქურისკენ გადახრილს, ჭურჭლის მრეცხავს და იშვიათად აივანზე გასულს (ალბათ, სარეცხს თუ ხსნიდა). საწოლიდან ყველაფერი ჩანდა, მთელი ტილო: ხელსაბანი, ოდნავ წინ წამოწეული ნავთქურა, სამფეხა სკამები და კოჭლი მაგიდა, რომელსაც ფანჯრიდან გადმოღვრილი სინათლე დაჰფენოდა სანახევროდ, და საბანაო ტაშტი, იმის ქვეშ დამალული. საწოლები ან იმის მაგივრობის გამწევი ტახტი, იატაკზე დაგდებული ლეიბი და გასაშლელი საწოლი, იმას რომ ხვდებოდა, ვინც ბოლო დაწვებოდა, საპირისპირო კედელთან იყო ჩამწკრივებული. მხოლოდ პურისმჭამელს ჰქონდა უცვლელი მოსასვენებელი ღამით და მას, რადგან ერთადერთი ბავშვი იყო ოთახში. გვერდით ხან ერთი ქალი ამოუწვებოდა და ხან მეორე: ზოგჯერ ის, ვინც დედად ეკუთვნოდა, ზოგჯერ მოხუცი, ზოგჯერ რომელიმე ნათესავი ან ვინმე, მოულოდნელი სტუმრობის საბაბით შემოხიზნული. მოხუცთან წოლა ყველაფერს ერჩია, რადგან ტკივილი დიდხანს ვერ აჩერებდა მწოლიარეს და მერე მთელი საწოლი ამას რჩებოდა, სანამ ვინმე შეუძახებდა, ეგოგო, გაიღვიძე, აშენდა ქვეყანაო. ჩაცმაში მოხუცი ეხმარებოდა. უჭირდა ამას ერთადერთი სითბოს დათმობა და საბანს ჩაბღაუჭებული მიზეზობდა, რომ ეს შარვალი მიწაზე დასთრევს, ის კი გახვრეტილია. ჩაცმის შემდეგ თმის დავარცხნის ჯერი დგებოდა და რატომღაც ეს საქმე მოდედოს ებარა, ვისთვისაც შვილისმაგვარისთვის დილაობით თმის მოქაჩვა ბრაზის ფარულად გამოხატვის ერთადერთ ფორმად შეერჩინა ცხოვრებას. მალე ვინმე შეუძახებდა, ეგოგო, ჭამეო და ესეც მიუჯდებოდა მაგიდას, ჩააცქერდებოდა ფინჯანს, რომელშიც სადღაც შორს დაკრეფილი ჩაის ფოთლის სამი ნაგლეჯი დაცურავდა. ამის მეზღაპრეობა გვაკლდაო, იტყოდა ვინმე და მოქაჩავდა რომელიმე ნაწნავს. ორ ყლუპს თუ გადაყლაპავდა და მიჰყავდა მოხუცს სკოლისკენ. უკანა გზაზე მოხუცი პურის ქარხანაში შეივლიდა და ხურდას გადაუთვლიდა გამყიდველს, რომ პურისმჭამელის გაღვიძებამდე მოესწრო შინ პურის მიტანა. შაბათ-კვირას ეგოგოც მიჰყვებოდა ქარხანაში. სანამ რიგში იდგნენ, ითვლიდა ერთმანეთის გვერდით ჩამწკრივებულ სავსე მთვარისებრ პურებს. ანგარიშობდა, შეხვდებოდათ თუ არა. რთული მისახვედრი იყო - ზოგჯერ ორი ადამიანი ერთ პურს ელოდა, ზოგჯერ ერთი - ორს. ხანდახან უპუროდ რჩებოდნენ და ხელმოცარული მიუყვებოდნენ გზას, რომლის ტკეპნაც კიდევ დიდხანს მოუწევდათ.
No comments:
Post a Comment