თბილისში წელიწადში რამდენჯერმე წიგნის ფესტივალი იმართება. უკვე ერთი ათწლეულია გამომცემლობებში, წიგნის მაღაზიებში თუ ბიბლიოთეკებში ვმუშაობ, ამიტომ თბილისურ წიგნის ფესტივალებზე ჩემთვის უცხოს იშვიათად ვპოულობ რამეს, თუმცა გასული ნოემბრის ფესტივალზე ერთ საინტერესო გამოცემას გადავაწყდი - ჯერალდ დარელის დოკუმენტურ პროზას "Menagerie Manor". "პინგვინის" ეს გამოცემა ისეთი ფორმატისაა, იოლად მოთავსდება მოზრდილ ჯიბეში და მეც თავიდან კუბოკრული პიჯაკის ჯიბეში დავაბინავე, მაგრამ ტყუილად. დიდი ხანია, რაც აღარც მგზავრობის, არც ხანმოკლე შესვენებების, არც ვინმეს ლოდინის დროს აღარ ვკითხულობ. წიგნის მშვიდად წასაკითხად მეტი მოცალეობა მჭირდება, უნდა მჯეროდეს, რომ უშფოთველად რამდენიმე ათეული გვერდის წაკითხვას მოვასწრებ. ამიტომ მალე პიჯაკის ჯიბიდან უმცროსი დარელის წიგნმა ზურგჩანთაში გადაინაცვლა, რომელიც თან ბაკურიანში წავიღე. 2020 წელი რომ დადგა და გათენდა, სახლის წინ ვეებერთელა მინდორი თეთრად გადაპენტილი დამიხვდა და მეც ამ კითხვას შევუდექი.
ჯერალდ დარელი, ინგლისელი მწერალი, ნატურალისტი და ზოოპარკის მფლობელი, დაიბადა 1925 წლის 7 იანვარს ინდოეთში და ნაყოფიერი ცხოვრების შემდეგ 1995 წელს გარდაიცვალა ჯერსიში, ბრიტანეთში. ჯერალდ დარელს ქართველი მკითხველი იცნობს ავტობიოგრაფიული ნაწარმოებით "ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები", სადაც აღწერილია, როგორ გადავიდა დარელების ოჯახი საცხოვრებლად საბერძნეთში, კუნძულ კორფუზე. ჯერალდი ერთადერთი მწერალი არ იყო ოჯახში - მისი უფროსი ძმა, ლორენს დარელი 50-ზე მეტი წიგნის ავტორია, მათ შორის ყველაზე ცნობილია "ალექსანდრიული კვარტეტი". კორფუზე დარელების ცხოვრების შესახებ BBC-მ 2016-2019 წლებში გადაიღო სატელევიზიო სერიალი "The Durrells in Corfu", რომელიც გარდა იმისა, რომ საინტერესოა და სანახობრივად - თვალწარმტაცი, ერთ-ერთი ყველაზე კეთილი რამ არის, რაც კი ეკრანზე უჩვენებიათ.
ჯერალდ დარელმა ზოოლოგიის შესწავლის, სხვადასხვა ქვეყნებში ცხოველების შესაგროვებლად მოწყობილი რამდენიმე ექსპედიციის (ამ ქვეყნებს შორის იყო გვინეა, პარაგვაი, არგენტინა და სხვ.) და სხვა რამდენიმე ქვეყანაში (ახალი ზელანდია, ავტრალია და მალაია) BBC-ის სატელევიზიო გადაცემების ჩასაწერად ცოლთან ერთად მოგზაურობის შემდეგ, 1958 წელს დაარსა ჯერსის ზოოლოგიური პარკი, 1964 წელს კი - Durrell Wildlife Conservation Trust. ეს წიგნი "Menagerie Manor" ჯერსის ზოოპარკის დაარსებას და იქ მცხოვრები ცხოველების შეგროვების პრინციპებსა და ისტორიებს აღწერს.
წიგნში მოთხრობილია საოცარი ამბები - როგორ ცდილობს მაიმუნი ხეზე ცოცვა ასწავლოს მის გალიაში შემოსახლებულ ღორს, როგორ კვდება ჭამისგან გაზარმაცებული ხვლიკი სიმსუქნისგან, როგორ ჩამოჰყავს იშვიათი ორანგუტანგები ჯერალდს გემით ჯერსიში, რადგან დარწმუნებულია, რომ ყველა მფრინავს ანგინა აქვს და მათი ნდობა არ შეიძლება, როგორ რეკავს ჯერალდი ჯერსის მდიდარ მკვიდრებთან, რომ იშვიათი გორილის შესაძენად ფული მოაგროვოს, როგორ მოკლავს მამა ლემური ახალშობილს, რადგან ნაშიერის გაჩენის შემდეგ ცოლი ყურადღებას აღარ აქცევს, და როგორ უვლიან ჯუჯა მაიმუნი მამები თავიანთ პატარებს, როგორ მოაქვთ ჯერსის მაცხოვრებლებს ცხოველებისთვის საკვები და როგორ ებერებათ მუცლები ატმის ჭამისგან ოთხფეხა არსებებს, როგორ სწავლობს ლომი ბრდღვინვას და როგორ ცდილობს ზოოპარკიდან გაქცევას მაჩვზღარბა.
ჯერსის ზოოპარკის შექმნისას ჯერალდ დარელის მთავარი მიზანი ყოფილა ველური გარემოდან ზოოპარკში იმ ცხოველების გადმოყვანა და მოთავსება, რომელთა არსებობასაც საფრთხე ემუქრება და გადაშენების პირას არიან.
"სამყარო ჩიტების გარეშე, ტყეების გარეშე, ყველა ფორმისა და ზომის ცხოველების გარეშე, ისეთი იქნებოდა, რომელშიც პირადად მე არ მენდომებოდა ცხოვრება და მეტიც, მასში შეუძლებელი გახდებოდა ადამიანის არსებობა".
ამ სიტყვების შემდეგ, ჯერალდ დარელს თანდართული აქვს თავისი მისამართი, რომ ცხოველების ბედით დაინტერესებულმა ყველა მკითხველმა შესძლოს მისთვის წერილის გაგზავნა. დღეს ჯერალდ დარელთან წერილები ვეღარ იგზავნება, თუმცა ყველას, ვისაც მისი პროზა უყვარს თუ ცხოველთა ბედი ანაღვლებს, საშუალება ეძლევა ჯერსის ზოოპარკს მცირე შემოწირულობით დაეხმაროს და ხელი შეუწყოს იმ საქმის გაგრძელებაში, რაც მრავალი წლის წინ დარელების ერთმა ბიჭუნამ დაიწყო.
No comments:
Post a Comment