June 9, 2015

ნორვეგიული ტყე - წიგნში ჩაქსოვილი მუსიკა


ჰარუკი მურაკამის „ნორვეგიული ტყე“ მუსიკით მიმოკინძული წიგნია. ამ რომანის პერსონაჟები ხან რადიოთი უსმენენ სიმღერებს, ხან ფირსაკრავზე, ხან თვითონ უკრავენ გიტარაზე. ეს სიმღერები ამოვკრიფე, ბმულებიც მოვაბი და აი, აქ მოგიყვანეთ:

The Beatles - Norwegian Wood
Henry Mancini - Dear Heart
The Beatles - Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band
Bill Evans - Waltz For Debby
Fool's Garden - Lemon Tree
Peter, Paul and Mary -Puff The Magic Dragon
Marlène Dietrich - Where Have All The Flowers Gone..
Peter , Paul & Mary - Micheal Row the Boat Ashore
The Beatles - Michelle
The Beatles - Nowhere Man
The Beatles-Julia
CCR - Proud Mary
Cream - White Room
Simon & Garfunkel - Scarborough Fair
Blood Sweat & Tears - Spinning wheel
The Beatles - Here Comes The Sun
Desafinado by Joao Gilberto
Astrud Gilberto & Stan Getz: The Girl From Ipanema
The Rolling Stones -Jumpin' Jack Flash
The Doors -People Are Strange
Ella Fitzgerald and Count Basie - Honeysuckle Rose
The Beatles - Yesterday
The Beatles- Something
The Beatles - The Fool On The Hill
The Beatles - Penny Lane
The Beatles - Blackbird
The Beatles - When I'm Sixty-Four
The Beatles - Nowhere Man
The Beatles - And I Love Her
The Beatles- Hey Jude
Maurice Ravel - Pavane for Dead Princess
Claude Debussy -Clair de lune
Carpenters - Close to you
Burt Bacharach - Raindrops Keep Falling On My Head 
Fifth Dimension - Wedding Bell Blues
Sukiyaki
Honeysuckle Rose - Thelonious Monk




„ნორვეგიული ტყე“ ქართულად გამოიცა და წიგნის მაღაზიებში იპოვნით.



March 4, 2015

ბებიაჩემი ერთი ტაფით გამოამზითვეს


ნაწილი პირველი, სიზმარი მეორე
იმ დღეს, შორეულ ნათესავებს რომ ველოდი სტუმრად, კარაქში მოშუშული ქათმის ხორცი ბებიაჩემის ნაქონი ტაფითვე შემოვდგი კიბემორყეული სახლის მეორე სართულის აივანის კუთხეში მოთავსებულ ლურჯსუფრაგადაფარებულ მრგვალ მაგიდაზე, სადაც დედაჩემს თუ დეიდაჩემს დილით მეზობლის მიტოვებულ ეზოში დაკრეფილი თეთრი ვარდები დაეწყო და მივიწყებოდა.
ვიდრე ჩემი შორეული ნათესავები, მათ სახელებს ვერაფრით ვიმახსოვრებდი, მამაჩემთან სატელეფონო კავშირს არ წყვეტდნენ და ცდილობდნენ გზა მისი დახმარებით გამოეკვალათ, აივნის მეორე ბოლოში გაბმულ ჰამაკში ჩავწექი და ჩამეძინა.
სიზმრად დაკარგულ შვილს დავეძებდი, ან შეიძლება უმცროსი დაც იყო, იმ ხის სახლის ბნელ კუნჭულებშიც, მზიან ოთახებშიც, საკუჭნაოშიც, კიბის ქვეშაც. სააბაზანოში ვიპოვე, საკუთარ თავს აღარ ჰგავდა, დაპატარავებულიყო, არაფერი დარჩენილიყო მისგან, მხოლოდ რამდენიმე კოვზი კარაქი და ქათმის ხორცის თეთრი ნაწილი, ისიც წყალში ჩაძირული. ჩამოვჯექი, ავტირდი, ავცახცახდი, ავქვითინდი, ავბღავლდიროგორ შეძლებდა გამოღვიძებას? რომ დამხრჩვალიყო? ჩემს კივილზე, წივილზე, ბღავილზე, ქვითინზე, წიწკვინზე, ბებიაჩემის მშობლები შემოცვიდნენ, ბებიაჩემის დედა და დედა, ბებიაჩემის ორი გამზრდელი ქალი. იმ ერთი ტაფისთვის, რომლითაც ბებიაჩემი გამოამზითვეს, ოთხი ხელი ჩაეჭიდათ და მამშვიდებნენ, არაუშავსო, ჩვენ მოვაბრუნებთ ამქვეყნადო, ცივ ნიავს არ მივაკარებთო, გამოვზრდითო, საკენკს დავუყრითო, წინდებს მოვუქსოვთო, კითხვას ვასწავლითო, ოღონდ გვენდე, ტაფაზე გადმოდე და ცეცხლად შეენთეო.

January 21, 2015

პოსტმოდერნული ხერხები კურტ ვონეგუტის ნაწარმოებებში


„ეს წერილიც ოდნავ პოსტმოდერნულია“.
ბოკონონის მეშვიდე წიგნი


იქნებ, როგორღაც ეს წერილი ვინმე ლიტერატურულ მიმდინარეობებში გაურკვეველ ადამიანსაც ჩაუვარდეს ხელში და გაიფიქროს, ნეტა, ეს პოსტმოდერნიზმი რაღა არისო? პოსტმოდერნიზმი მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში გაჩენილი ლიტერატურული მიმდინარეობაა (არა მხოლოდ ლიტერატრული, მაგრამ ამ სივრცეში ხომ ჩვენ ლიტერატურით ვართ დაინტერესებული), რომელიც ახლებური ინტერპრეტაციისა და ლიტერატურული ტექსტების გადააზრებისთვის უკვე არსებულ ლიტერატურულ ფორმებს იყენებს.
იმედი მაქვს, თუ ლიტერატურულ მიმდინარეობებში გაურკვეველი კაცის ხელში ჩავარდება ეს ჩემი ნაშრომი, ის მაინც ეცოდინება, ვინ ოხერია კურტ ვონეგუტი. არა? კარგით, ორიოდ სიტყვას არც მასზე დაგზარდებით - ეს იყო ერთი ამერიკელი ხუჭუჭთმიანი და ულვაშიანი კაცი, თითქმის სულ მომღიმარი, ძირითადად ნაცრისფერ კოსტუმებში ჩაცმული (არა და, ამ დალოცვილ ინტერნეტში თვალს თუ გადაავლებთ მის სურათებს, ნაცრისფერი კოსტუმების სიჭარბეზე მის გარდერობში, სავარაუდოდ, ვერ შევთანხმდებით), ეწეოდა ბევრს და წერდა. როგორო, შეფასებას ნუ მომთხოვთ. აი, მის ერთ რომანზე კი უფრო ვრცლად მოგიყვებით. „სარწეველა ფისოსათვის“ დაერქვა ამ წიგნს ქართულად (აქ ცოტა ვონეგუტისეული ირონია გაერია ჩემს ხმას).
„სარწეველა ფისოსათვის“ პირველად 1963 წელს გამოიცა. მისტერ ვონეგუტს, ალბათ, გული არ აჩქარებია მის დანახვაზე, მეოთხე წიგნი იყო, ბოლოს და ბოლოს, იქამდე წიგნის გამოცემით გამოწვეულ სიხარულს შეეჩვეოდა (თუმცა, გამოგიტყდებით, იუმორისტები სიხარულს მოკლებული ხალხი მგონია).