თბილისში წელიწადში რამდენჯერმე წიგნის ფესტივალი იმართება. უკვე ერთი ათწლეულია გამომცემლობებში, წიგნის მაღაზიებში თუ ბიბლიოთეკებში ვმუშაობ, ამიტომ თბილისურ წიგნის ფესტივალებზე ჩემთვის უცხოს იშვიათად ვპოულობ რამეს, თუმცა გასული ნოემბრის ფესტივალზე ერთ საინტერესო გამოცემას გადავაწყდი - ჯერალდ დარელის დოკუმენტურ პროზას "Menagerie Manor". "პინგვინის" ეს გამოცემა ისეთი ფორმატისაა, იოლად მოთავსდება მოზრდილ ჯიბეში და მეც თავიდან კუბოკრული პიჯაკის ჯიბეში დავაბინავე, მაგრამ ტყუილად. დიდი ხანია, რაც აღარც მგზავრობის, არც ხანმოკლე შესვენებების, არც ვინმეს ლოდინის დროს აღარ ვკითხულობ. წიგნის მშვიდად წასაკითხად მეტი მოცალეობა მჭირდება, უნდა მჯეროდეს, რომ უშფოთველად რამდენიმე ათეული გვერდის წაკითხვას მოვასწრებ. ამიტომ მალე პიჯაკის ჯიბიდან უმცროსი დარელის წიგნმა ზურგჩანთაში გადაინაცვლა, რომელიც თან ბაკურიანში წავიღე. 2020 წელი რომ დადგა და გათენდა, სახლის წინ ვეებერთელა მინდორი თეთრად გადაპენტილი დამიხვდა და მეც ამ კითხვას შევუდექი.
ჯერალდ დარელი, ინგლისელი მწერალი, ნატურალისტი და ზოოპარკის მფლობელი, დაიბადა 1925 წლის 7 იანვარს ინდოეთში და ნაყოფიერი ცხოვრების შემდეგ 1995 წელს გარდაიცვალა ჯერსიში, ბრიტანეთში. ჯერალდ დარელს ქართველი მკითხველი იცნობს ავტობიოგრაფიული ნაწარმოებით "ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები", სადაც აღწერილია, როგორ გადავიდა დარელების ოჯახი საცხოვრებლად საბერძნეთში, კუნძულ კორფუზე. ჯერალდი ერთადერთი მწერალი არ იყო ოჯახში - მისი უფროსი ძმა, ლორენს დარელი 50-ზე მეტი წიგნის ავტორია, მათ შორის ყველაზე ცნობილია "ალექსანდრიული კვარტეტი". კორფუზე დარელების ცხოვრების შესახებ BBC-მ 2016-2019 წლებში გადაიღო სატელევიზიო სერიალი "The Durrells in Corfu", რომელიც გარდა იმისა, რომ საინტერესოა და სანახობრივად - თვალწარმტაცი, ერთ-ერთი ყველაზე კეთილი რამ არის, რაც კი ეკრანზე უჩვენებიათ.