March 4, 2015

ბებიაჩემი ერთი ტაფით გამოამზითვეს


ნაწილი პირველი, სიზმარი მეორე
იმ დღეს, შორეულ ნათესავებს რომ ველოდი სტუმრად, კარაქში მოშუშული ქათმის ხორცი ბებიაჩემის ნაქონი ტაფითვე შემოვდგი კიბემორყეული სახლის მეორე სართულის აივანის კუთხეში მოთავსებულ ლურჯსუფრაგადაფარებულ მრგვალ მაგიდაზე, სადაც დედაჩემს თუ დეიდაჩემს დილით მეზობლის მიტოვებულ ეზოში დაკრეფილი თეთრი ვარდები დაეწყო და მივიწყებოდა.
ვიდრე ჩემი შორეული ნათესავები, მათ სახელებს ვერაფრით ვიმახსოვრებდი, მამაჩემთან სატელეფონო კავშირს არ წყვეტდნენ და ცდილობდნენ გზა მისი დახმარებით გამოეკვალათ, აივნის მეორე ბოლოში გაბმულ ჰამაკში ჩავწექი და ჩამეძინა.
სიზმრად დაკარგულ შვილს დავეძებდი, ან შეიძლება უმცროსი დაც იყო, იმ ხის სახლის ბნელ კუნჭულებშიც, მზიან ოთახებშიც, საკუჭნაოშიც, კიბის ქვეშაც. სააბაზანოში ვიპოვე, საკუთარ თავს აღარ ჰგავდა, დაპატარავებულიყო, არაფერი დარჩენილიყო მისგან, მხოლოდ რამდენიმე კოვზი კარაქი და ქათმის ხორცის თეთრი ნაწილი, ისიც წყალში ჩაძირული. ჩამოვჯექი, ავტირდი, ავცახცახდი, ავქვითინდი, ავბღავლდიროგორ შეძლებდა გამოღვიძებას? რომ დამხრჩვალიყო? ჩემს კივილზე, წივილზე, ბღავილზე, ქვითინზე, წიწკვინზე, ბებიაჩემის მშობლები შემოცვიდნენ, ბებიაჩემის დედა და დედა, ბებიაჩემის ორი გამზრდელი ქალი. იმ ერთი ტაფისთვის, რომლითაც ბებიაჩემი გამოამზითვეს, ოთხი ხელი ჩაეჭიდათ და მამშვიდებნენ, არაუშავსო, ჩვენ მოვაბრუნებთ ამქვეყნადო, ცივ ნიავს არ მივაკარებთო, გამოვზრდითო, საკენკს დავუყრითო, წინდებს მოვუქსოვთო, კითხვას ვასწავლითო, ოღონდ გვენდე, ტაფაზე გადმოდე და ცეცხლად შეენთეო.