„ეს წერილიც ოდნავ
პოსტმოდერნულია“.
ბოკონონის მეშვიდე
წიგნი
იქნებ, როგორღაც
ეს წერილი ვინმე ლიტერატურულ მიმდინარეობებში გაურკვეველ ადამიანსაც ჩაუვარდეს ხელში
და გაიფიქროს, ნეტა, ეს პოსტმოდერნიზმი რაღა არისო? პოსტმოდერნიზმი მეოცე საუკუნის
მეორე ნახევარში გაჩენილი ლიტერატურული მიმდინარეობაა (არა მხოლოდ ლიტერატრული,
მაგრამ ამ სივრცეში ხომ ჩვენ ლიტერატურით ვართ დაინტერესებული), რომელიც ახლებური ინტერპრეტაციისა
და ლიტერატურული ტექსტების გადააზრებისთვის უკვე არსებულ ლიტერატურულ ფორმებს იყენებს.
იმედი მაქვს,
თუ ლიტერატურულ მიმდინარეობებში გაურკვეველი კაცის ხელში ჩავარდება ეს ჩემი ნაშრომი,
ის მაინც ეცოდინება, ვინ ოხერია კურტ ვონეგუტი. არა? კარგით, ორიოდ სიტყვას არც მასზე
დაგზარდებით - ეს იყო ერთი ამერიკელი ხუჭუჭთმიანი და ულვაშიანი კაცი, თითქმის სულ მომღიმარი,
ძირითადად ნაცრისფერ კოსტუმებში ჩაცმული (არა და, ამ დალოცვილ ინტერნეტში თვალს თუ
გადაავლებთ მის სურათებს, ნაცრისფერი კოსტუმების სიჭარბეზე მის გარდერობში, სავარაუდოდ,
ვერ შევთანხმდებით), ეწეოდა ბევრს და წერდა. როგორო, შეფასებას ნუ მომთხოვთ. აი, მის
ერთ რომანზე კი უფრო ვრცლად მოგიყვებით. „სარწეველა ფისოსათვის“ დაერქვა ამ წიგნს ქართულად
(აქ ცოტა ვონეგუტისეული ირონია გაერია ჩემს ხმას).
„სარწეველა ფისოსათვის“
პირველად 1963 წელს გამოიცა. მისტერ ვონეგუტს, ალბათ, გული არ აჩქარებია მის დანახვაზე,
მეოთხე წიგნი იყო, ბოლოს და ბოლოს, იქამდე წიგნის გამოცემით გამოწვეულ სიხარულს შეეჩვეოდა
(თუმცა, გამოგიტყდებით, იუმორისტები სიხარულს მოკლებული ხალხი მგონია).